воскресенье, 4 октября 2009 г.

ენის ეკოლოგია

1. პროექტის დასახელება ენის ეკოლოგია.


2.პროექტის მოკლე აღწერა თანამედროვე სალიტერატურო ენის მდგომარეობის
გამოკვლევა, ყველაზე გავრცელებული დარღვევების
აღნუსხვა და მცდარი ფორმების დაამკვიდრების მიზეზთა
გარკვევა.





3. პროექტის სრული აღწერა მოსწავლეები შეაგროვებენ მასალას(მხატვრული ლიტე
რატურიდან, პრესიდან,ტელევიზიიდან), დაახარისხებენ
აღნუსხულ შეცდომებს, საალიტერატურო ენის ნორმების
გამოყენებით წარმოადგენენ მართებულ ფორმებს;
აიღებენ ინტერვიუებს ენათმეცნიერებისაგან,
მწერლებისაგან, ჟურნალისტებისაგან, რათა გაიგონ
მათი შეხედულება ენის ნორმების დაცვის აუცილებლო-
ბაზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის
სიწმინდის დაცვა ან რა ღონისძიებების უნდა მივმარ-
თოთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად.





4. მონაწილეთა ასაკი 15-17 წელი.



5. ვადები ნებისმიერი 3 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.



6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში მოძიებული მასალის განხილვა-გაანალიზება,
ინტერვიუსათვის კითხვარის შედგენა.


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები პროექტის შედეგების პრეზენტაციის მომზადება
(MS PowerPoint), ბროშურისა და საინფორმაციო
ბუკლეტების ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების
შექმნა.



8.სარგებელი სხვებისთვის სკოლაში პროექტის შედეგების პრეზენტაციის მოწ-
ყობა.
მოსწავლეები გაიხსენებენ ან გაეცნობიან სალიტე-
რატურო ენის ნორმებს.


9.სამუშაო ენა ქართული


10. საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი ისტორია, ქართული ლიტერატურა.


11.პროექტის ფასილიტატორი მაია მიქაძე,24-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა
და ლიტერატურის მასწავლებელი.

12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა mmiqadze@gmail.com


13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი maiamiqadze.blogspot.com





ჰუმანიტარული პროექტი


ენის ეკოლოგია


პროექტის მიზნები


შეძლებისდაგვარად გამოვიკვლიოთ თანამედროვე ქართული ენის მდგომარეობა.
დავაკვირდეთ იმ ცვლილებებს, რომლებიც ხდება ქართულ სალიტერატურო ენაში.
აღვნუსხოთ ყველაზე ხშირი დარღვევები, დავახარისხოთ, სისტემურად გავიაზროთ ისინი და გავარკვიოთ ამა თუ იმ მცდარი ფორმის დამკვიდრების მიზეზები.
ჩვენთვის ხელმისაწვდომი საზოგადოება(სკოლა) დავაფიქროთ ამ მოვლენაზე, აშკარად დავანახვოთ ის საშიშროება, რომლის წინაშეც დგას ქართული ენა.
ვიწყებთ მუშაობას საინფორმაციო ბუკლეტის გამოშვებაზე, რომელშიც განვათავსებთ ჩვენი კვლევის შედეგებს, დამახინჯებული ფორმების ნაცვლად მივუთითებთ სწორ, ქართული ენისათვის შესაფერის ვარიანტებს.

შედეგები

მოვაწყვეთ პროექტის პრეზენტაცია კლასში.ჩვენი მცდელობითა და გარჯით ჩვენივე სკოლის მოსწავლეების გარკვეული ნაწილი დავაფიქრეთ ამ მოვლენაზე, ზოგიერთ მათგანს გამოვუსწორეთ კიდეც მეტყველება.
აღვნუსხეთ ყველაზე ხშირი დარღვევები, დავახარისხეთ, სისტემურად გავიაზრეთ ისინი და გავარკვიეთ ამა თუ იმ მცდარი ფორმის დამკვიდრების მიზეზები.
გაანალიზდა და სისტემურად იქნა გააზრებულ-განხილული ფართოდ გავრცელებული დარღვევები, განხილულ იქნა მათი დამკვიდრების მიზეზები და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების შესაბამისად გასწორდა თითოეული შეცდომა. აქვე მითითებულ იქნა ის წესები, რომელთა საფუძველზე ყალიბდება სწორი ფორმები.
ამ პროექტმა საშუალება მოგვცა გავცნობოდით და შევხვედროდით ისეთ ცნობილ ენათმეცნიერებს, როგორებიც არიან: ავთანდილ არაბული, შუქია აფრიდონიძე, ლევან ღვინჯილია, გუჩა კვარაცხელია. მათთან საუბარმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებაში. მათი დახმარებით გავიაზრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის მშობლიური ენა. მათმა წახალისებამ და მოწონებამ მეტი სტიმული მოგვცა, რომ გაგვეგრძელებინა და ბოლომდე მიგვეყვანა პროექტი. ამ მეცნიერებთან შეხვედრები დიდი გამოცდილება და სასიამოვნო მოსაგონარია, რაც მთავარია, მრავლისმომცემია სამივე ჩვენგანისთვის.

პროექტის მნიშვნელობა


ნებისმიერ ერს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, ტრადიციები, კულტურული ფასეულობები. მათ შორის არის სამი რამ, რაც დიდმა ილიამ ამგვარად ჩამოაყალიბა: ენა, მამული, სარწმუნოება. ამ სამი უდიდესი საუნჯიდან ერთ-ერთი სწორედ ქართული ენაა, რომლის გაფრთხილებაცა და შენარჩუნებაც გვმართებს. მშობლიური ენა თითოეული ქართველისათვის წმინდა და ძვირფასია. სწორედ ამ ენაზე ვიზრდებით, ამ ენაზე გვიმღერიან დედები იავნანას. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ერის დიდების აღდგენისა და ისტორიის დასაცავად შევინარჩუნოთ ქართული ენა, შევინარჩუნოთ ქართველობა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული საკმაოდ ძლიერი ენაა.

სხვა მცირერიცხვოვანი ერებისგან განსხვავებით, რომელთაც ვერ შეძლეს გამკლავებოდნენ გლობალიზაციას, ჩვენ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ ენას. ქართული სალიტერატურო ენა დიდი ტრადიციების მქონეა. მან შეძლო, რომ გარდა მონოლითურად შენარჩუნებული სხეულისა, დაემატებინა უცხოურიდან შემოტანილი ლექსიკური ერთეულები, შეესისხლხორცებინა და გადმოექართულებინა ისინი. მოზარდებს თავისუფლად შეუძლიათ ძველი ქართული ტექსტების გაანალიზება მაშინ, როდესაც, ავთანდილ არაბულის თქმით, ,,სხვა ერების ახალი ენის წარმომადგენელთ ძველის შესწავლა ისევე უწევთ, როგორც უცხო ენისა.” ქართული ენა ინარჩუნებს მთლიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან არასოდეს გამოკვეთილა პურისტული ტენდენცია და არც მაინცდამაინც განვითარების უმტკივნეულო და უწყვეტი გზა ჰქონია ქართულ სალიტერატურო ენას. რა შეიძლება ყოფილიყო ამის საფუძველი? ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ამის საფუძველი, ერთი მხრივ, ქართული ენის სისტემურ და სტრუქტურულ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ, ხოლო, მეორე მხრივ _ ქართული წარმოთქმისა და დამწერლობის ტრადიციად დამკვიდრებულ მაქსიმალურ შესაბამისობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველები ყოველთვის დიდ სიმტკიცეს იჩენდნენ დამპყრობელთა მიმართ და მათი ენის გავრცელებას ეწინააღმდეგებოდნენ.

ქართულ ენაში ერთგვარი ფსიქოლოგიური კოდი დევს, რომელიც ამ
ენით შეკავშირებულ ხალხს გვივითარებს ამა თუ იმ მოვლენისა და საგნის განსაკუთრებულ, თავისებურ ხედვას. სწორედ ამიტომ ქვეყანაში მშობლიური ყოველთვის პირველხარისხოვანი უნდა იყოს. სამშობლოში ადამიანს უნდა შეეძლოს ყველა თავისი უფლების საკუთარ ენაზე განხორციელება.

ქართველები ადრე ვზრუნავდით, რომ შეგვენარჩუნებინა ენის სიწმინდე,
დაგვეცვა და გადაგვერჩინა ის. იქმნებოდა სპეციალური, ქართული ენის ნორმების დამდგენი კომისიები, რომლებიც აწესებდნენ სწორ სალიტერატურო ნორმებს. მათ შექმნეს უამრავი ორთოგრაფიული თუ განმარტებითი ლექსიკონი. პირველი ასეთი ორგანო იყო 1921წელს გამსახკომთან დაარსებული ტერმინოლოგიათა შემმუშავებელი საბჭო, რომელმაც ნაყოფიერი მუშაობა გასწია ივანე ჯავახიშვილის თავმჯდომარეობით. 1925 წელს სამთავრობო დონეზე დაარსდა ცენტრალური სატერმინოლოგიო კომისია. 1934 წელს საქართველოს სახალხო კომისარიატთან დაარსდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი რესპუბლიკური კომისია, 30 კაცის შემადგენლობით. ამ კომისიამ 1936 წელს ცალკე წიგნად გამოსცა “სალიტერატურო ქართულის ნორმები.” 1941 წელს პირველად გამოიცა ვ.თოფურიასა და ი.გიგინეიშვილის მიერ შედგენილი “ორთოგრაფიული ლექსიკონი.” 1966 წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტში დაარსდა სპეციალური კრებული ”ქართული სიტყვის კულტურის საკითხები,” რომელშიც მუდმივად აისახებოდა სალიტერატურო ენის სიწმინდის სფეროში წარმოებული კვლევის შედეგები. 1998 წელს სამთავრობო დონეზე შეიქმნა სახელმწიფო ენის ფუნქციონირების, ქვეყნის ენობრივი “მეურნეობის” სპეციალური მაკონტროლებელი ორგანო _ ”საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა” ლევან ღვინჯილიას მეთაურობით, რომელიც ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ გაუქმდა.

დღეისათვის აღარც ერთი მსგავსი ორგანო აღარ მოქმედებს, არადა
ყველაზე მეტად სწორედ ახლა გვჭირდება მათი არსებობა. თანამედროვე მეტყველებაში უამრავ ენობრივ დარღვევას ვაწყდებით. სალიტერატურო ნორმები, გრამატიკული მოდელები ზოგჯერ ისეა დამახინჯებული, რომ ნამდვილად სამარცხვინოა. ამ დამახინჯებას ხელს უწყობს უცხო ენებიდან შემოსული, ქართულისათვის შეუფერებელი ბარბარიზმები და კალკები, რაც “ჰარმონიას ქმნის” ახალგაზრდების საყვარელ ჟარგონთან. ამას ემატება მსაზღვრელ_საზღვრულის, მხოლობით_მრავლობითის შეუფერებელი შეთანხმებები, დიალექტიზმები და სხვა მრავალი დარღვევა. ყველაზე მრავალფეროვანი ენაც კი განვითარებასთან ერთად საჭიროებს ახალი საგნებისა თუ მოვლენების შესაბამის სიტყვებს, რომლებიც ძირითადად ნეოლოგიზმების სახით მკვიდრდება, მაგრამ ზოგჯერ ნეოლოგიზმი და ბარბარიზმი ერთმანეთში გვერევა. როგორც ლევან ღვინჯილიამ გვითხრა, ”ბარბარიზმები უკანონოდ დამკვიდრებული სიტყვები არიან,” ხოლო ავთანდილ არაბულის თქმით, ბარბარიზმები შემოსვლისთანავე უნდა მოვსპოთ და ქართულად ავაჟღეროთ. მაინც რა იწვევს ამდენ ენობრივ დარღვევას და უხეშ გრამატიკულ შეცდომებს? ჩვენ შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად გამოგვეკვლია თანამედროვე ენის მდგომარეობა და დავკვირვებოდით იმ ცვლილებებს, რომლებიც ხდება ქართულ სალიტერატურო ენაში. ამის დასადგენად ჩვენ მივაკითხეთ ცნობილ ენათმეცნიერებს, მივიღეთ მათგან კვალიფიციური რჩევები და კონსულტაციები. მათ გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით. პროექტის ბოლო ნაწილში ჩვენ წარმოგიდგენთ ინტერვიუებს ამ ენათმეცნიერებთან, წინ წამოვწევთ მთავარ, ყველაზე სახიფათო საკითხებს. ჩვენ გავესაუბრეთ ა.არაბულს, შ.აფრიდონიძეს, ლ. ღვინჯილიას და გ.კვარაცხელიას. ოთხივე მათგანის აზრით, მთავარი და ყველაზე მძაფრი პრობლემა არის გაუნათლებლობა, უცოდინრობა და ადამიანის წიგნთან გაუცხოება, თუმცა თითოეულმა სხვა საკითხსაც გაუსვა ხაზი. ნაკითხი ადამიანი არ დაუშვებს ამდენ ენობრივ შეცდომას. დღევანდელი ახალგაზრდობისათვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი, მართალია, იქიდან ბევრ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას ვიღებთ, მაგრამ ინტერნეტი წიგნს ვერასდროს შეცვლის, რადგანაც ის, მეტი რომ არა ვთქვათ, გვიდაბლებს სწორად მეტყველების უნარს. გუჩა კვარაცხელიას თქმით, ,,ინტერნეტი მასობრივი უგემოვნობის კულტურაა.” ჩვენი პროექტი საყურადღებო და მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენი მხრივ, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ვიწრო საზოგადოებას მაინც გამოვუსწორებთ მეტყველების სტილს. მართალია, არ ვიქნებით პირველები მათ შორის, ვინც ამ საკითხის მოგვარებას ცდილობს, მაგრამ ჩვენს ტოლებში, არა გვგონია, რომ მთლად უკანასკნელები ვიყოთ.
ვეცდებით, რომ შევინარჩუნოთ ქართული ენის სიწმინდე, რადგან ,,ერის ცხოვრება, მისი დიდება, მის ისტორია დაცულ არს ენით. რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას!” (გრ.ორბელიანი).

თითქმის ყოველდღე მცდარი ფორმები გვესმის ყველა მხრიდან: ტელევიზიიდან, რადიოდან, პრესიდან. ანდა გამოვალთ ქუჩებში და იმწამსვე თვალში მოგხვდება მაღაზიისა თუ რომელიმე ფირმის ან დაწესებულების უცხოური სახელწოდება. ჩავრთავთ ტელევიზორს და კვლავ ქართული გადაცემების უცხოური სათაურები გვესმის. ხშირ შემთხვევაში საინფორმაციო გამოშვებები დამახინჯებული სალიტერატურო ფორმებისა და გრამატიკული მოდელების გავრცელების კერაა. ტელევიზიაში, რადიოსა თუ პრესაში ისეთ უხეშ მაგალითებს წავაწყდებით ხოლმე, რომ ნამდვილად ცუდ განწყობაზე ვდგებით. ჩვენ შევეცადეთ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ამოგვეკრიფა უხეში დარღვევები, დაგვეხარისხებინა ისინი. ახლა შემოგთავაზებთ ამ შეცდომებს, რომელთაც მივუთითეთ წესები და მათ შესაბამისად გავასწორეთ თითოეული მათგანი.




პროექტში გამოყენებული ცოდნა

ჩვენი პროექტი დაემყარა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებულ ცოდნასა და პირად გამოცდილებას. ის ადამიანებიც, რომლებთანაც ჩვენ ხშირი ურთიერთობა გვაქვს, საკმაოდ ბევრ უხეშ შეცდომას უშვებენ.



პროექტის რესურსები
პრესაში, ინტერნეტსა და ტელევიზიაში მოპოვებული მასალები;
შეხვედრები და კონსულტაციები მოქმედ ენათმეცნიერებთან;
კრებული “ქართული სიტყვის კულტურის საკითხები”;
აკაკი შანიძის თხზულებათა სრული კრებული;
ლ. კვაჭაძე “ქართული ენა” (მორფოლოგია, სინტაქსი).
არნ. ჩიქობავა, შესავალი წერილი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულისათვის.
ზ.სარჯველაძე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია.
შ. აფრიდონიძე, “ჩვენი ენა ქართული.”
თამაზ კვაჭანტირაძე, “სასიტყვეთი.”
თამაზ კვაჭანტირაძე, “მოგზაურობა სასიტყვეთში.”
არაბული, “ქართული მეტყველების კულტურა.”
ქართული ენის სასკოლო სახელმძღვანელოები.





ინტერვიუ ავთანდილ არაბულთან

ბატონო ავთო, თუ შეგიძლიათ მოკლედ გვესაუბრეთ ქართული ენის განვითარების,ჩამოყალიბების შესახებ.

ეს ძალიან ვრცელი თემაა. “შუშანიკის წამება” ხომ ნასწავლი გაქვთ.შუანიკის ენა მონოლითური_მტკიცე და უცვლელია,საუკუნეების განმავლობაში მოდის,ჩამოყალიბებულია.ამიტომ არის ძველი საეკლესიო ენა და საღვთისმეტყველო ლიტერატურე საიმედო და ძვირფასი.ჩვენი ენა კურთხეულია.გადმოვინაცვლოთ აქეთ. ი.ჭავჭავაძემ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის,რომ სალიტერატურო ქართული ჩამოყალიბებულიყო, შემდეგ ეს საქმე მისმა მომდევნო თაობებმა განაგრძეს.მათ მხოლოდ საფუძველი ჩაუყარეს.შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება იყო იმის ქვაკუთხედი,რომ სალიტერატურო ენა ჩამოყალიბებულიყო. ეს ის პროცესია, რომელსაც საუკუნე სჭირდება.

რამდენად მოქმედებს გლობალიზაცია ენაზე?

გლობალიზაცია მძაფრი საზოგადოებრივი პროცესია.ჩვენს ქვეყანაში უცხო ენების,განსაკუთრებით რუსულისა და ინგლისურის გავლენა გახდა კატასტროფული. ის აგარ აცლის პატარა ხალხებს თავიანთი საქმე აკეთონ,ის იჭრება ენაში და უზარმაზარ კონკურენციას, ბევრ პრობლემას უქმნის მას.ამან გამოიწვია ის, რომ აჭრილია ქართული სალიტერატურო ენა. მან განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. თავისუფლება მივიღეთ როგორც ყველაფერში თავისუფლება და მათ შორის უპასუხისმგებლობა ენის მიმართ. ამ მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობაა,იმიტომ რომ არცერთი სფეროს წარმომადგენელი დღეს პასუხისმგებლობას არ გრძნობს ენის წინაშე.

რომ შევადაროთ დღევანდელი ვითარება ადრინდელს, თქვენი აზრით, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ჩვენი ენის მდგომარეობა?

გაუარესდა,რა თქმა უნდა გაუარესდა. ადრე სათაკილოდ ითვლებოდა ქუჩაში, ტრანსპორტში ან ნებისმიერ საზოგადოებრივ დაწესებულებაში კუთხურად დალაპარაკება.ეს ყველაზე დიდი უტაქტობისა და უკულტურობის გამოვლინებად ითვლებოდა. დღეს უნივერსიტეტებსა თუ ტელევიზიაში თავისუფლად ლაპარაკობენ კუთხურად.ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის დეფიციტია.განა იმან, ვინც ასე ლაპარაკობს, სალიტერატურო ენა არ იცის? უბედურებაც ეს არის. ვინც არ იცის ისწავლის და აღარ მიაყენებს ენას შეურაცხმყოფას, მაგრამ ვინც იცის და მაინც ასე ლაპარაკობს, განზრახ იქცევა გამომწვევად და აბუჩად იგდებს ენას, უგულებელყოფს ქართული ენის კანონებს, ის დამნაშავეა ენის წინაშე. თუმცა ქართული ენა ძლიერია,მან არაერთი კრიზისი გადალახა და იმედია,რომ ამასაც გაუძლებს. ოღონდ აუცილებელია ყურადღება და სახელმწიფოს დამოკიდებულება. საქმე ის არის, რომ ქართული სახელმწიფო ენაა დამ მას სჭირდება დაცვა სახელმწიფოს მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს საგანგებო კანონები და ინსტიტუტები, რომლებიც ამას მოემსახურებიან. მაღალ დონეზე უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების საქმე.

ბატონო ავთო, რას გვეტყვით ბარბარიზმებზე?

ბარბარიზმები ბარბაროსული და პარაზიტი სიტყვებია. როგორც პარაზიტებს ახასიათებთ, ისინი გამძლენი არიან და თუ შემოსვლის დროს არ წაასწარი, შემოგეპარება და ვეაღარაფერს უშვლი. ამის კარგი მაგალითია არაბულიდან შემოსული სიტყვა_ ფანჯარა.მან გაააძევა არაჩვეულებრივი ქართული სიტყვა_სარკმელი. მეორე მხრივ, არ არის მაინცდამაინც აუცილებელი ამისთვის იბრძოლო. ქართველისთვის ტრაგედია არასდროს ყოფილა,რომ უცხო სიტყვები შემოდიოდა. შემდეგ ამ სიტვების გათავისება ხდებოდა. მაგალითად, სულაც არ არის წმინდა ქართული სიტყვები მაგიდა ან სკამი,მაგრამ ქართულია იმ ნიშნით, რომ ქართული ენის გრამატიკაში მოიხარშა. ეს კიდევ ვიმეორებ დიდი ტრაგედია არ არის.

ბატონო ავთო ხშირია შემთხვევები,როდესაც თანამედროვე მწერლებიც ამახინჯებენ სწორ სალიტერატურო ენის ნორმებს. რის თუ არა ეს მწერლის ნაკლი და რამდენად დასაშვებია მათი შეცდომები?

მხატვრული ნაწარმოები შეიძლება გამოიყენო როგორც ილუსტრაცია,რომელიც ობიექტურ რეალობას ასახავს. მაგალითად ავიღოთ ერთ_ერთი თანამედროვე მწერალი, თუნდაც ლაშა ბუღაძე. მას აქვს სკოლაზე ნაწარმოები, სადაც ბევრი ჟარგონი აქვს გამოყენებული. მას ეს რომ ასე არ დაეწერა, არ იქნებოდა მართალი., ვინაიდან საქმე გვაქვს თანამედროვე ბავშვებთან და მათ ყოფა_ცხოვრებასთან. შესაბამისად ეს ვინმეს ნაკლი კი არ არის, არამედ რეალობაა ასეთი. მე მიმაჩნია, რომ მწერალს არ უნდა გაუსწორო. იგი იმიტომ არის თავისუფალი, იმიტომ დაიბადა შემოქმედად, რომ მან თავისი შეხედულების, განწყობის მიხედვით უნდა დაწეროს ისე, როგორც დაწერა. თანაც, უნდა გვახსოვდეს,რომ მწერალი სხვა ფენომენია და ის პრესას არასდროს არ უნდა გავუიგივოთ.

რას გვეტყვით სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისიის და მისი მუშაობის შედეგების შესახებ?

ძალიან ბევრი გააკეთა ენის ნორმების დამდგენმა კომისიამ. ჩვენში ერთი რამ არის ხოლმე ყოველთვის ცუდად დაყენებული. ქართველი ხალხი ბუნებით დაუმორჩილებელია, არავის არ უყვარს კანონების აღსრულება. დიქტატის მორჩილი არ უნდა იყო, კანონებისა კი. რასაც გონიერი ხალხი გადაწყვეტს ის უნდა აღსრულდეს. თანაც ჩვენთან ძალიან ცუდად იყო დაყენებული ხალხთან ნორმების მიტანის საკითხი. ვთქვათ, ახალი ნორმა დავადგინეთ, საჭიროა რომ მასმედიის ყველა საშუალება იყოს მობილიზებული, რომ ეს ნორმა გადაიცეს ან დაიბეჭდოს.